ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის ადგილობრივი შემფასებლებისთვის

2021 წლის 31 მარტსა და 1 აპრილს, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრმა (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრმა (MSDC) რეგიონული ორგანიზაციებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შესახებ ორდღიანი ონლაინ ტრენინგი ჩაატარეს.


ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი ხსენებული ორგანიზაციების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მუნიციპალიტეტების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას აფასებს.


ტრენინგი მიზნად ისახავდა პარტნიორი რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგნელებისთვის ინდექსის შეფასების მეთოდოლოგიის გაცნობას. მომავალში მათ ამ მეთოდოლოგიით მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოები უნდა შეაფასონ. კერძოდ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შეფასება 5 აპრილიდან იწყება.


ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს მუნიციპალიტეტების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის შეფასების როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება. კერძოდ, ისინი დეტალურად გაეცნენ ინდექსის მეთოდოლოგიას და განიხილეს შეფასების ცალკეული გარემოებები. მონაწილეები ასევე გაეცნენ ინფორმაციის ხარისხის შეფასების ინდიკატორებსა და ინფორმაციის სანდოობის გადამოწმების საშუალებებს.

 

ტრენინგი წარიმართა შემფასებლებისთვის მომზადებული სპეციალური სახელმძღვანელოს მიხედვით. ინდექსის მეთოდოლოგია სამი ნაწილისგან შედგება: საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელ-მმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება.


ტრენინგს IDFI-დან უძღვებოდნენ თეონა ტურაშვილი და გოგა თუშურაშვილი, CTC-დან – თამარ ნასყიდაშვილი და MSDC-დან – კოკა კიღურაძე.


ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა: ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA), ასოციაცია „დეა“, დემოკრატ მესხთა კავშირი (UDM), მწვანე კავკასია, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი - ბათუმი (CSI), სათემო ორგანიზაცია ნუკრიანი და საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი.


ტრენინგი ჩატარდა პროექტის - ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი - 2021 - ფარგლებში, ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით. 

02 აპრ 2021