მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების 2017 წლის შეფასება - ძირითადი მიგნებები
საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების 2017 წლის ეროვნულმა შეფასებამ საკამოდ დაბალი შედეგები აჩვენა. 100%-იანი შეფასების სკალაზე მუნიციპალიტეტების საშუალო შედეგი მხოლოდ 21%-ია, მერია/გამგეობების - 19%, ხოლო საკრებულოების - 24%. ეს ნიშნავს, რომ გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების სფეროში მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
შეფასების შედეგად, შემდეგი მთავარი მიგნებები შეიძლება გამოიყოს:
1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება
- საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები ხშირ შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მათ მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებენ.
- ადგილობრივ თვითმმართველობებში ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ 47%-ია (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი). ამასთან, მუნიციპალიტეტების დაახლოებით 60% ვერ ცდება ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების 20%-იან მაჩვენებელს.
- ადგილობრივი თვითმმართველობების უმრავლესობის შემთხვევაში პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია ვებგვერდზე თემატურად არ არის კლასიფიცირებული, რაც ართულებს ინფორმაციის მოძიებას.
- როგორც აღმასრულებელი, ისე წარმომადგენლობითი ორგანოების შემთხვევაში ყველაზე ცუდი პრაქტიკა ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე ფიქსირდება. ადმინისტრაციული ხარჯების ჯამური მონაცემები, ხშირ შემთხვევაში, ხელმისაწვდომია მხოლოდ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში, რაც ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრინციპებს ვერ პასუხობს.
- ძალიან დაბალია თვითმმართველობის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული და/ან მმართველობაში არსებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ხარისხი.
- ვერცერთი მუნიციპალიტეტი მოქალაქეებს პროაქტიულად ვერ აწვდის დეტალურ ინფორმაციას ყველა არსებული მუნიციპალური სერვისის შესახებ.
- მუნიციპალიტეტები ყველაზე უკეთესად მათ შესახებ ზოგადი ინფორმაციის კატეგორიაში გაერთიანებულ ინფორმაციას აქვეყნებენ. მაგალითად, საკონტაქტო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 59% იყო, თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაციის - 54%, ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციების აღწერის - 50%.
2. ელექტრონული მმართველობა
- ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების უმრავლესობა საკუთარ ვებგვერდებს არ იყენებს იმისთვის, რომ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია კანონით დადგენილი მონაწილეობის ფორმების შესახებ. მწირია მონაწილეობის ელექტრონული ფორმების პრაქტიკაც. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ვებგვერდებზე მუნიციპალური სერვისები ელექტრონულ ფორმატში ხელმისაწვდომი არ არის.
- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვებგვერდების ტექნიკური მახასიათებლების ხარისხი საშუალოზე დაბალია (32%). ამის ფონზე, შედარებით უკეთესი მაჩვენებელები დაფიქსირდა სოციალურ ქსელებთან ინტეგრირების (63%), სახელმწიფო ორგანოების ოფიციალური დომენის გამოყენებისა (www.[მუნიციპალიტეტი].gov.ge) (60%) და მობილურ პლატფორმებთან ადაპტირების (55%) თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტების დიდი უმრავლესობის შემთხვევაში, საჯარო მოხელის ელფოსტის მისამართი შეუსაბამოა მუნიციპალური ორგანოს ოფიციალური ვებგვერდის დომენურ სახელთან.
- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვებგვერდებზე უფრო აქტიურად სოციალურ ქსელებს იყენებენ. ცაგერის, ახალქალაქის და წალკის მუნიციპალიტეტის გარდა, ქვეყნის ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გააჩნია საკუთარი ოფიციალური გვერდი Facebook-ზე. თუმცა, შედარებით დაბალია მოქალაქეების პირად შეტყობინებებზე რეაგირების ხარისხი (55%).
3. მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება
- საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში მუნიციპალიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა არ ითვალისწინებს მოქალაქეთა მონაწილეობის მხარდამჭერ პროგრამებს.
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომების საჯაროობის და მოქალაქეთა მონაწილოების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების და პროცესის შეფასების შედეგად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მუნიციპალიტეტის რეგლამენტი და სხდომებზე დასწრების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა არ იძლევა შესაძლებლობებს საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომებში მოქალაქეთა ეფექტიანი მონაწილოებისთვის.
- გამგებლის/მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს შექმნა კანონის ვალდებულებაა, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ისინი ჯერ კიდევ არ არის შექმნილი. ხოლო, სადაც შექმნილია, უმეტეს შემთხვევაში, გამგებელი/მერი არ წარუდგენს საბჭოს კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და არც თავად საბჭო წარადგენს ინიციატივებს; შედარებით ნაკლებად არის უზრუნველყოფილი მათი მატერიალურ-ტექნიკური და საინფორმაციო მხარდაჭერაც.
- მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი საკუთარი ინიციატივით ნაკლებად მართავს და განიხილავს საერთო კრებასთან სავალდებულოდ განსახილველ საკითხებს.
- მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად წარადგინონ პეტიციები, მათ შორის, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ელექტრონული ფორმითაც. თუმცა, პრობლემად რჩება პეტიციების განხილვის საჯაროობა.
- მუნიციპალიტეტებში არ არსებობს საჯარო განხილვების, ანგარიშების საჯარო მოსმენების დამტკიცებული წესი. ამ მიმართულებით პრაქტიკაც სუსტია და შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალური შეხვედრების გამართვით, რომელიც ვერ ამართლებს საჯარო შეხვედრების და მოსმენების მიზანს.
- მუნიციპალიტეტებში სუსტია მოქალაქეთა მონაწილეების დამატებითი და ინოვაციური პრაქტიკა.
- მუნიციპალიტეტებში საჯარო ინფორმაციის გაცემა ნაკლებად ორგანიზებული პროცესია. შესაბამისად, ეს აისახება გაცემული ან პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის ვადებსა და ხარისხზე.
- განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის მუნიციპალიტეტები არ იყენებენ კომუნიკაციის სხვადასხვა ხელმისაწვდომ საშუალებებს.
მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შეფასებისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა.
აღმასრულებელი ორგანოები - მერია/გამგეობა
- ბოლო ორი წლის განმავლობაში, შეფასებული 71 მუნიციპალიტეტის გამგეობა/მერიიდან მხოლოდ 8-მ გამოაქვეყნა (ისიც არასრულყოფილად) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ. აქედან, შრომის ანაზღაურებასთან და საწვავთან დაკავშირებულ ხარჯებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა მხოლოდ 5-მა მათგანმა.
- მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ვხვდებით იურიდიული პირების წლიური ანგარიშების, შესყიდვების, აუდიტების და დასაქმებულ პირთა შესახებ რომელიმე ინფორმაციას.
- აღმასრულებელი ორგანოების 40%-ზე მეტი საერთოდ არ აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე ინფორმაციას მიმდინარე ტენდერების შესახებ.
- აღმასრულებელი ორგანოების 50%-ზე მეტი არ აქვეყნებს წლიურ ანგარიშებს, სტრატეგიულ დოკუმენტებსა და ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების საკონტაქტო მონაცემებს.
- თითქმის არ ხდება მოქალაქეთა მომსახურების სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება: 71 მუნიციპალიტეტიდან, მხოლოდ 2 იყენებს ონლაინ ნებართვებს, SMS შეტყობინებებს - 1, ხოლო ონლაინ გამოკითხვას - 6.
- აღმასრულებელი ორგანოების აბსოლუტური უმრავლესობა მოსახლეობას გასაგები, პოპულარული ენით არ აწვდის ინფორმაციას თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების შესახებ.
- მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამის არსებობა მხოლოდ მარნეულისა და გორის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა.
- ბოლო ერთწლიან პერიოდში დასახლების საერთო კრება არ ჩატარებულა მუნიციპალიტეტების 85%-ზე მეტში, მრჩეველთა საბჭოს სხდომები და საჯარო განხილვები - 60%-ზე მეტში.
- აღმასრულებელი ორგანოების 50%-ზე მეტი საერთოდ არ ატარებს ღონისძიებებს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით.
წარმომადგენლობითი ორგანოები - საკრებულო
- ბოლო ორი წლის განმავლობაში, შეფასებული 71 მუნიციპალიტეტის საკრებულოდან მხოლოდ 7-მა გამოაქვეყნა (ისიც არასრულყოფილად) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ. აქედან, შრომის ანაზღაურებასთან, საწვავთან და მივლინებებთან დაკავშირებულ ხარჯებზე ინფორმაცია მხოლოდ 3-მა მათგანმა გამოაქვეყნა.
- საკრებულოების 70%-ზე მეტი არ ახდენს დაგეგმილი სხდომების შესახებ მოქალაქეთა წინასწარ ინფორმირებას, ხოლო დარჩენილი 30%-დან დიდი უმრავლესობა ამას არასრულყოფილად აკეთებს.
- საკრებულოების 70% არ აქვეყნებს სხდომის ოქმებს, დარჩენილი 30%-დან ნახევარზე მეტი კი მხოლოდ ნაწილობრივ აქვეყნებს.
- ონლაინ პეტიციის სისტემა საკრებულოთა 70%-ზე მეტში არ არის დანერგილი.
- სხდომების პირდაპირ ტრანსლირებას მეტ-ნაკლები სტაბილურობით მხოლოდ 6 მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.
- მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მხოლოდ მინიმალური, ფორმალური გარანტიებია შექმნილი მოქალაქეთა მონაწილეობისთვის, როგორც საკრებულოს, ისე, და განსაკუთრებით, კომისიების სხდომებში.
- მუნიციპალიტეტების 60%-ზე მეტში არ არის დანერგილი საკრებულოს წევრის საქმიანობის ანგარიშის მოსმენის პრაქტიკა.
იხილეთ ანგარიშის მოკლე ვერსია
იხილეთ ანგარიშის ვრცელი ვერსია