2019 წლის ანგარიში

მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების 2019 წლის შეფასება - ძირითადი მიგნებები

საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების 2019 წლის ეროვნული შეფასების შედეგების მიხედვით, შეფასების 100%-იან სკალაზე მუნიციპალიტეტების საშუალო შედეგი 28%-ია, რაც 7%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (21%).

აღნიშნული შედეგის გაუმჯობესება მერიების და საკრებულოების მაჩვენებლების პროპორციულმა ზრდამ განაპირობა. 2019 წელს, 2017 წელთან შედარებით, მერიების საშუალო შედეგი 19%-დან 25%-მდე გაიზარდა, ხოლო საკრებულოების 24%-დან 31%-მდე.  ეს ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტების აღმასრულებელმა და წარმომადგენლობითმა ორგანოებმა 2017 წლის შემდეგ, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით, გარკვეული პროგრესი განიცადეს. თუმცა, მაღალ სტანდარტებთან მიახლოვება, მათი მხრიდან, რადიკალური ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.  

ექსპერტთა მოსაზრებით, პროგრესი, რაც მუნიციპალიტეტებმა განიცადეს შეფასებებს შორის პერიოდში, სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობით შეიძლება აიხსნას. პირველ რიგში, ბოლო ადგილობრივი არჩევნების შედეგად არჩეულ თანამდებობის პირებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ 2017 წლის ინდექსის შედეგებს, მეთოდოლოგიას, შეფასებით გამოვლენილ როგორც კარგ პრაქტიკებს, ასევე, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს და გაეთვალისწინებინათ პირველი შედეგებით გამოვლენილი ხარვეზები. 

ასევე, აღინიშნა საერთაშორისო დონორების დახმარების პროგრამების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცალკეული ინიციატივების/პროექტების დადებითი გავლენა კონკრეტულ მუნიციპალიტეტებზე, მათ შორის, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატიატივაში ჩართულ მუნიციპალიტეტებზე, რაც დადებითად აისახა ინდექსის საერთო შედეგებზეც. 

ცალკე გამოიყო ინდექსის ფაქტორი, როგორც მოტივატორი მუნიციპალიტეტებისთვის, გააუმჯობესონ საკუთარი მდგომარეობა ერთიანი ეროვნული შეფასების შედეგებში და მაღალი პოზიცია დაიკავონ მუნიციპალიტეტების ერთიან რეიტინგში. ამავდროულად, ინდექსის არსებობამ, ხელი შეუწყო, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას, ვიდრე ამას საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს.

1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება

  • 2019 წლის შეფასებით, მუნიციპალიტეტების საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების საერთო მაჩვენებელი 25%-ს შეადგენს, რაც 6%-ით აღემატება 2017 წლის შეფასების ანალოგიურ მაჩვენებელს. 
  • 40-ზე მეტი მუნიციპალიტეტის შემთხვევაში გაუმჯობესებულია ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ხარისხი. თუმცა, მუნიციპალიტეტების დაახლოებით 40% კვლავ ვერ ცდება ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების 20%-იან ზღვარს.
  • ადგილობრივ თვითმმართველობებში ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 61% დაფიქსირდა (ბათუმის მუნიციპალიტეტი), რაც 14%-ით აღემატება 2017 წლის საუკეთესო მაჩვენებლს (47%). სულ 8 მუნიციპალიტეტმა გადააჭარბა ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების 50%-იან ზღვარს. 
  • წინა შეფასების შედეგებთან მიმართებით, მუნიციპალიტეტებმა ყველაზე მეტად საჯარო ინფრომაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირების, დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმების და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირთა შესახებ ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა გააუმჯობესეს. 
  • მუნიციპალიტეტები ყველაზე უკეთესად კვლავ ზოგადი ტიპის ინფორმაციას აქვეყნებენ: საკონტაქტო ინფორმაცია (71%), თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაცია (62%), ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციების აღწერა (54%).  
  • სხვადასხვა მუნიციპალიტეტმა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც წინა შეფასების პერიოდში არცერთი მუნიციპალური ორგანოს ვებგვერდზე არ იყო წარმოდგენილი. მაგალითად, საჯარო ინფორმაციის გაცემის რეესტრი, რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები, წარმომადგენლობითი ხარჯები და სხვა. 
  • წინა შეფასების მსგავსად, ყველაზე ცუდი პრაქტიკა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების და წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ან მმართველობაში მყოფი იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციის გამოუქვეყნებლობაა. ადმინისტრაციული ხარჯების ჯამური მონაცემები, როგორც წესი, ხელმისაწვდომია მხოლოდ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში, რაც ვერ პასუხობს ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტს.
  • ერთადერთი რეგიონი, სადაც მუნიციპალიტეტების საერთო პროაქტიული გამოქვეყნების მაჩვენებელი 3%-ით გაურესდა სამცხე-ჯავახეთია. 
  • 21 მუნიციპალიტეტი მოქალაქეებს პროაქტიულად საერთოდ არ აწვდის რაიმეს ტიპის ინფორმაციას თუნდაც ერთი მუნიციპალური სერვისის შესახებ.

 

2. ელექტრონული მმართველობა

  • 2019 წლის შეფასებით, მუნიციპალიტეტების ელექტრონული მმართველობის საერთო მაჩვენებელი 32%-ს შეადგენს, რაც 7%-ით აღემატება 2017 წლის შეფასების ანალოგიურ მაჩვენებელს. 
  • საჯარო ინფორმაციის ონლაინ მოთხოვნის საშუალება მუნიციპალური ვებგვერდების 20%-ს გააჩნია, რაც 8%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მონაცემს (12%)
  • საგრძნობლად გაუმჯობესებულია ონლაინ პეტიციის შესაძლებლობა. 2019 წლის მონაცემებით, აღნიშნული კრიტერიუმის ქულა 40%-ია, რაც 15%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვებგვერდების ტექნიკური მახასიათებლების ხარისხი 2019 წლის შეფასებით გაუმჯობესდა 34-დან 43%-მდე. მცირედით გაუმჯობესებულია ასევე სოციალურ ქსელებში მუნიციპალური ორგანოების აქტიურობის მაჩევენებელიც 61-დან 71%-მდე. 
  • 2019 წლის მონაცემებით, მუნიციპალური ვებგვერდების 70% ადაპტირებულია მობილურ პლატფორმებთან, რაც 22%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
  • მუნიციპალური ორგანოების ოფიციალურ ვებგვერდების დომენური მისამართების 75%, სტანდარტის შესაბამისად ბოლოვდება GOV.GE- ზე, რაც 15%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემს (60%). მიუხედავად ამისა, კვლავ პრობლემად რჩება საჯარო მოხელის ოფიციალური ელფოსტის მისამართის შესაბამისობა მუნიციპალური ორგანოს ოფიციალური ვებგვერდის დომენურ სახელთან.
  • იგივე მდგომარეობაა 2019 წელს მოსახლეობის ინფორმირებულობის კუთხით. ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების უმრავლესობა საკუთარ ვებგვერდებს არ იყენებს იმისთვის, რომ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია კანონით დადგენილი მონაწილეობის ფორმების შესახებ. მწირია მონაწილეობის ელექტრონული ფორმების პრაქტიკაც. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ვებგვერდებზე მუნიციპალური სერვისები ელექტრონულ ფორმატში ხელმისაწვდომი არ არის.

3. მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება

  • 2019 წლის შეფასებით, თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის და ანგარიშვალდებულების საერთო მაჩვენებელი 2017 წლის შეფასების შედეგებთან შედარებით 6%-ით გაიზარდა, ძირითადად ისეთი კრიტერიუმების ხარჯზე, როგორიცა საკრებულოს სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;  მრჩეველთა საბჭოს ფუნქციონირება (მეტწილად დიდი ქალაქების ხარჯზე, თუმცა არიან წარმატებული სათემო მუნიციპალიტეტებიც); საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; მუნიციპალიტეტის პროექტების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდა, რომელიც 49%-დან (2017 წ.) 64%-მდე (2019 წ.) გაიზარდა.
  • საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში მუნიციპალიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა კვლავაც არ ითვალისწინებს მოქალაქეთა მონაწილეობის მხარდამჭერ პროგრამებს. აღსანიშნავია ბათუმის მუნიციპალიტეტი, რომელიც ერთადერთია, სადაც ასეთი საბიუჯეტო პროგრამა გაჩნდა.
  • მიუხედავად იმისა, რომ მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შექმნა კანონის ვალდებულებაა, 11 მუნიციპალიტეტში  ისინი დღემდე არ შექმნილა. ხოლო, სადაც შექმნილია, დიდ ნაწილში კვლავ არასრულფასოვნად ფუნქციონირებს. არ ხდება საბჭოსთვის მერის მიერ კანონით გათვალისწინებული პროექტების რეგულარული წარდგენა, არ არის წახალისებული საბჭოს საკუთარი ინიციატივების  განხილვა; ნაკლებად არის უზრუნველყოფილი მატერიალურ-ტექნიკური და საინფორმაციო მხარდაჭერა.
  • გამოწვევად რჩება დასახლების საერთო კრების გამართვის საკითხი. წინა შეფასების შედეგებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 10%-დან 9%-მდე შემცირდა, რაც სავარაუდოდ, ამ მიმართულებით, ცალკეული საზოგადოებრივი ორგანიზაციების საპროექტო აქტივობების შემცირებას უკავშირდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იქ, სადაც ჩატარდა კრებები, უმნიშვნელოდ, მაგრამ გაზრდილია მერის მხრიდან სავალდებულო საკითხების წარდგენის მაჩვენებელიც.
  • კვლავ გამოწვევად რჩება მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითებზე, მათ შორის, ბიუჯეტთან დაკავშირებული, საჯარო განხილვების გამართვის პრაქტიკა. მუნიციპალიტეტების 65%-ში, ბოლო ერთი წლის მანძილზე, არცერთი ასეთი განხილვა არ ჩატარებულა.
  • 2017 წელთან შედარებით, გაუარესდა როგორც მერების, ისე საკრებულოს წევრების ანგარიშების საჯარო მოსმენების პრაქტიკა. როგორც წესი, არსებობს წერილობითი ანგარიშები, ასევე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები, რომელიც საკრებულოს წარედგინება, თუმცა მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში კანონით დადგენილი მოსმენები არ ტარდება. ხოლო იქ, სადაც ხდება ანგარიშის მოსმენა, თითქმის ვერ აკმაყოფილებს კარგი პრაქტიკით დამკვიდრებულ სტანდარტებს.

ცალკე გამოვყოფთ იმ მიგნებებს და ტენდენციებს, რაც უშუალოდ აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებს უკავშირდება 

აღმასრულებელი ორგანოები - მერიები

  • ბოლო ორი წლის განმავლობაში, შეფასებული 64 მუნიციპალიტეტის მერიიდან მხოლოდ 12-მა გამოაქვეყნა (თუმცა, არასრულყოფილად) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ცალკეული ტიპის ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ. აქედან, შრომის ანაზღაურების ხარჯების მონაცემები გამოაქვეყნა 10-მა, სატელეკომუნიკაციო ხარჯები 11-მა და წარმომადგენლობითი ხარჯები მხოლოდ 5-მა მათგანმა.  
  • ოდნავ გაუმჯობესდა მერიების მიერ იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაჩვენებელი (8%-დან 11%-მდე). თუმცა, კვლავაც პრობლემურია იურიდიული პირების წლიური ანგარიშების, განხორციელებული შესყიდვების, აუდიტების და დასაქმებულ პირთა შესახებ ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა.
  • აღმასრულებელი ორგანოების 66%-მა საკუთარ ვებგვერდზე არ გამოაქვეყნა ინფორმაცია მიმდინარე ტენდერების შესახებ. ამ კრიტერიუმში მაჩვენებელი გაუარესებულია, რადგან 2017 წელს მერია/გამგეობების 40% არ აქვეყნებდა ამავე ტიპის მონაცემებს. 
  • აღმასრულებელი ორგანოების 50%-ზე მეტი კვლავაც არ აქვეყნებს მერის წლიურ ანგარიშებსა და მუნიციპალიტეტის სტრატეგიულ დოკუმენტებს. 
  • შედარებით გაუმჯობესდა მერიების ვებგვერდზე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ჩატარებული სხდომებისა (14-დან 22%-მდე) და გამართული დასახლების საერთო კრებების (12-დან 30%-მდე) ოქმების ხელმისაწვდომობის მაჩვენებლები.
  • ქვეყნის აღმასრულებელმა ორგანოებმა წინა წლებთან შედარებით გააუმჯობესეს მოსახლეობის ინფორმირების ხარისხი მრჩეველთა საბჭოების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების თვალსაზრისით (5%-დან 16%-მდე).
  • 2017 წელთან შედარებით, მკვეთრად არის გაუმჯობესებული საჯარო ინფორმაციის ონლაინ მოთხოვნის მაჩვენებელიც. კერძოდ, გაიზარდა 14-დან 22%-მდე.
  • მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოები, 2017 წელთან შედარებით (20%), უფრო აქტიურად იყენენებენ ონლაინ გამოკითხვის ფორმებს (50%).
  • 2017 წლის შეფასების დროს აღმასრულებელ ორგანოებში სამოქალაქო ინიციატივის შეფასების მაჩვენებელი 0% იყო, რაც მიმდინარე წლის შეფასებაში 5%-ია.
  • კვლავაც გამოწვევაა მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდზე ცალკეული ინფორმაციის რამდენიმე უცხო ენაზე არარსებობა. 2017 წლის შეფასებით, მხოლოდ 14 მუნიციპალიტეტს ჰქონდა ვებგვერდის რამდენიმე განყოფილება თარგმნილი სხვა ენაზე, 2019 წლის მონაცემებით კი 16-ს. 
  • თითქმის არ ხდება მოქალაქეთა მომსახურების სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. 2019 წლის მონაცემებით, 64 მერიიდან ონლაინ ნებართვებს მხოლოდ 2 იყენებს, SMS შეტყობინებებს კი 5. 
  • მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამის არსებობა მხოლოდ ქ. ბათუმის და ნაწილობრივ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში ფიქსირდება. 
  • ზოგადი ტენდენციაა, რომ დიდ ქალაქებში (ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი) გაიზარდა მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ეფექტიანობა. მუნიციპალიტეტების მერების მხრიდან 12%-დან 20%-მდე გაიზარდა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთვის კანონით სავალდებულო საკითხების წარდგენის მაჩვენებელი. ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საბჭოს წევრთა კანონით დადგენილი პროპორცია (54%-დან 70%-მდე), ასევე 14%-დან 24%-მდე არის გაზრდილი მერის მხრიდან საბჭოს საინფორმაციო მხარდაჭერა.
  • კვლავ პრობლემად რჩება მერის ანგარიშების საჯარო მოსმენის გამართვა, აღნიშნული მაჩვენებელი 24%-დან 17%-მდე, შემცირდა. 
  • კანონმდებლობის მიღმა დადგენილი მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების გამოყენების მიმართულებით ლიდერობს სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პრაქტიკა შეწყდა. ქალაქ ბათუმში სატესტო რეჟიმში დაიწყეს მონაწილოების შედარებით ახალი ფორმის გამოყენება „საუბნო კავშირები”, რომელიც ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეთა გაერთიანებას წარმოადგენს.
  • 45%-დან 66%-მდე გაიზარდა მუნიციპალიტეტის პროექტების შესახებ მოსახლეობის პერიოდული ინფორმირების შემთხვევები და პერიოდულობა 

წარმომადგენლობითი ორგანოები - საკრებულო

  • ბოლო ორი წლის განმავლობაში, შეფასებული 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოდან მხოლოდ 17-მა გამოაქვეყნა (ისიც არასრულყოფილად) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ცალკეული ტიპის ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ. აქედან, წარმომადგენლობით ხარჯებზე მონაცემები მხოლოდ 4-მა მათგანმა გაასაჯაროვა. შრომის ანაზღაურების, საწვავისა და სატელეკომუნიკაციო ხარჯების მონაცემები კი ხელმისაწვდომი იყო 12 საკრებულოს შემთხვევაში.
  • 2019 წელს პრობლემად რჩება  დაგეგმილი სხდომების შესახებ მოქალაქეთა წინასწარი ინფორმირება. საკრებულოების 70%-ზე მეტი ისევ არ ახდენს დაგეგმილი სხდომების შესახებ მოქალაქეთა წინასწარ ინფორმირებას, ხოლო დარჩენილი 30%-დან დიდი უმრავლესობა ამას არასრულყოფილად აკეთებს. თუმცა, ინფორმაციის გამოქვეყნების ხარისხი და გამოქვეყნების დრო იმ საკრებულოებში, რომელიც აქვეყნებს ინფორმაციას 2017 წელთან შედარებით გაზრდილია 11-დან 27%-მდე.
  • 64 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოდან 29-მა გამოაქვეყნა 2018 წელს ჩატარებული სხდომის ოქმები. ამათგან მხოლოდ 11-მა საკრებულომ ონლაინ გახადა ხელმისაწვდომი ყველა ჩატარებული სხდომის ოქმი, დანარჩენის შემთხვევაში კი აკლდა ცალკეული სხდომების დოკუმენტები. 
  • პრობლემად რჩება საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირება. 64 საკრებულოდან ისევ 6 ახერხებს სხდომების პირდაპირ გადაცემას.
  • მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მხოლოდ მინიმალური, ფორმალური გარანტიებია შექმნილი მოქალაქეთა მონაწილეობისთვის, როგორც საკრებულოს, ისე, საკრებულოს კომისიის სხდომებში.
  • საკრებულოების სხდომათა დარბაზებში გაუმჯობესებულია მოქალაქეთა მონაწილოებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. თუმცა, კვლავ პრობლემად რჩება მოქალაქეთა დაბალი მოტივაცია, დაესწრონ საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომებს.
  • კვლავ პრობლემად რჩება საკრებულოს წევრების ანგარიშების საჯარო მოსმენის გამართვა. აღნიშნული მონაცემი 27%-დან 15%-მდე შემცირდა.
  • 2017 წელთან შედარებით, 54%-დან 71%-მდე გაიზარდა საკრებულოების მხრიდან  საჯარო ინფორმაციის მოწოდების მაჩვენებელი. 

იხილეთ 2019 წლის ანგარიში